COP30 პარიზიდან 10 წლის შემდეგ: ბელემის გარდატეხა და კლიმატის კრიზისის ახალი  რეალიზმის ეპოქა

სურ.1: COP30 07:30 დელეგატების მოსვლამდე.

წლევანდელი,  რიგით 30-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მხარეთა ყოველწლიური  კონფერენცია (COP30) ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში (ამაზონის რეგიონი), ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება ორმაგი სიმბოლიზმით იყო დატვირთული, ის პარიზის შეთანხმებიდან 10 წლის პროგრესისა და ე.წ. „დედამიწის ფილტვების“ (როგორც ხშირად მოიხსენიებენ ამაზონის ტყეს) რეალური მდგომარეობის ამსახველი იყო.

სურ.2: COP30 ოფიციალური ფოტო კუთხე.

„COP30 იქნება „სიმართლის COP“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა სილვამ 23 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს 80-ე გენერალურ ასამბლეის გახსნის ცერემონიაზე[1]. კონფერენციის მსვლელობისას ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ბრაზილიას, როგორც მასპინძელ ქვეყანას ჰქონდა აღებული, საკმაოდ საგრძნობი იყო.  წლევანდელი კონფერენციაც ამბიციური იმედით დაიწყო, მაგრამ მან უბრალოდ მორიგი „პროგრესი გვაჩვენა“, როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, შეაჯამა.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტმა თავიდან აირიდა სრული კრახი, ბოლო წუთს მიღებული „გლობალური მუტირაოს“ (Global Mutirão) (რაც პორტუგალიურად „კოლექტიურ ძალისხმევას“ ნიშნავს) პაკეტით (რამდენიმე გადაწყვეტილებისგან შემდგარი სამოქმედო გეგმა), მან კლიმატის პოლიტიკაში ფუნდამენტური სტრუქტურული ცვლილება დაგვანახა. ეს დოკუმენტი მიღებულ იქნა ქალაქში არაპროპორციულად გაბნეული სამხედრო ძალისა და შენობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის ფონზე.

სურ. 3: ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი საპროტესტო აქციები გაძლიერებული სამხედრო ძალის ფონზე.

Global Mutirão პაკეტის მისაღებად საჭირო კონსენსუსის ფასი ძალიან მაღალი იყო. მასპინძელმა ქვეყანამ იმისთვის, რომ ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩენილიყო, საბოლოო დოკუმენტიდან ემისიების შემცირების ვალდებულების ამბიციური დებულებები ამოიღო. შედეგად, მივიღეთ შეთანხმება, რომელმაც გადაარჩინა მრავალმხრივი პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ვერ უზრუნველყო დოკუმენტში იმ ზომების ასახვა, რასაც IPCC (კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი) და განვითარებადი ქვეყნების ამბიციური ბლოკი ითხოვდა. თავდაპირველად წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა ორმა ნებაყოფლობითმა ინიციატივამ ჩაანაცვლა: „იმპლემენტაციის გლობალური აქსელერატორი“ და „ბელემის მისია 1.5°C-ისთვის“.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივები მიზნად ისახავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისა (NDCs) და ეროვნული ადაპტაციის გეგმების (NAP) შესრულების დაჩქარებას, მათში პირდაპირ არ არის ნახსენები წიაღისეული საწვავი.

სურ. 4: კონფერენციის ბოლო დღე: „გლობალური მუტირაოს“ გადარჩენის გეგმის მოლოდინში.

ბოლო დღეს მიღებული ზემოაღნიშნული კომპრომისული გადაწყვეტილებისგან განსხვავებით, ჩვენ მკაფიო ცვლილებასა და წინსვლას ვხედავთ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით. შეხვედრის მხარეთა საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდა ახალი მიზანი: გასამმაგდეს ადაპტაციის დაფინანსება 2035 წლისთვის (2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით). რაც თავის მხრივ ემსახურება ამ კუთხით არსებული მზარდი დეფიციტის შევსებას, თუმცა დასახელებული ვადა, 2035 წელი, არაერთი მოწყვლადი ქვეყნისთვის, შესაძლოა, დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ფინანსური არქიტექტურა (დაფინანსების მექანიზმები) ასევე მნიშვნელოვნად განახლდა „ბაქოდან ბელემამდე გზამკვლევი 1.3 ტრილიონი დოლარისთვის“ დოკუმენტის წარდგენით. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ხუთ კონკრეტულ მექანიზმსა თუ გზას, მათ შორის მწვანე ბონდებს, მდგრად კრედიტებს, მრავალმხრივი განვითარების ბანკების ჩართულობასა და კერძო დაფინანსების მოზიდვას, რომლებმაც განვითარებადი ქვეყნების მასშტაბური ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა დაიწყონ.

უმნიშვნელოვანესი პროგრესი იყო მიღწეული  ზარალისა და ზიანის რეაგირების ფონდის (FRLD) ფუნქციონირების კუთხით. მოლაპარაკებები გასცდა პოლიტიკურ დეკლარაციებს და გადავიდა თანხების გაცემის რეალურ მექანიზმებზე: ფონდმა ოფიციალურად გამოაცხადა მოთხოვნების მიღება საწყისი ეტაპის დაფინანსებისთვის, რისთვისაც შეიქმნა სპეციალური საკანონმდებლო ჩარჩო: „ბარბადოსის იმპლემენტაციის მოდალობები“. ფონდი თანხის გაცემას 2026 წლიდან იწყებს. უშუალოდ ფონდის მუშაობა გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსების მობილიზებას, არამედ სწრაფი და გამარტივებული წვდომის მექანიზმების შექმნას ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებისთვის. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს გრანტების პირდაპირ გაცემას სტიქიური უბედურებების (მაგ. წყალდიდობა, გვალვა) შემდგომი აღდგენისთვის, ასევე, ისეთი არაეკონომიკური დანაკარგების კომპენსირებას, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ან ტრადიციული საარსებო გარემოს განადგურება.

ფინანსების მიღმა, მომლაპარაკებელებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა პარიზის შეთანხმების „ადაპტაციის გლობალური მიზნის“ (GGA) ამოქმედების საბოლოო დეტალების შეთანხმება და პროგრესის გასაზომი ინდიკატორების დადგენა იყო. საბოლოოდ, მხარეებმა 59 შვიდ სექტორსა (მათ შორის წყალი, სოფლის მეურნეობა და კულტურულ მემკვიდრეობა) და პოლიტიკის ციკლის ოთხ განზომილებაზე გადანაწილებული ნებაყოფლობითი და არასავალდებულო ინდიკატორი მიიღეს, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებენ. ამ შემდგომი ნაბიჯებისათვის შეიქმნა ორწლიანი „ბელემი-ადისის ხედვის“ პროცესი. ინდიკატორების მიღება  ქმედებების ეფექტის  გაზომვადი და ურთიერთშედარებადი შედეგების მიღწევისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა რეალური ტექნიკური სამუშაო, თუ როგორ უნდა გაიზომოს ისინი, გადაეცა სპეციალურ სამუშაო ჯგუფს, რომელმაც შედეგები 2027 წლის ნოემბერში უნდა წარმოადგინოს.

COP30-მა გამოიყენა ამაზონის რეგიონის ფაქტორი ბუნების დაცვის კუთხით კონკრეტული შედეგების მისაღწევადაც. კერძოდ, ბრაზილიამ ტროპიკული ტყეების მუდმივი დაცვის მექანიზმი (TFFF) აამოქმედა, რომლითაც 6.7 მილიარდი დოლარით დახმარების პირველადი დაპირება უკვე მოიპოვა ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია და ნორვეგია. ეს იქნება უნიკალური ფონდი, რომელიც ტყეების შენარჩუნებისათვის ქვეყნებს ანაზღაურებას შესთავაზებს და შეცვლის ტყეების მიმართ არსებულ ტრადიციულ მომხმარებლურ-ეკონომიკურ ხედვას.

ზემოხსენებული გამარჯვებები და სხვა პატარა მიღწევები მამოძრავებელ ძალად უნდა იქნას გამოყენებული სხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებში. კლიმატის ცვლილების განახლებული დღის წესრიგი და მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკა საბოლოოდ მაინც არის ამბიციური და „სწრაფი მექანიზმების“ დანერგვის შეუძლებლობის მიუხედავად მიღებული COP30-ის შედეგი.

„ბელემის სიმართლის COP-მა“  შეაჯამა არამარტო პროგრესი 2015 წლის  პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან დღემდე, არამედ გამოავლინა სამომავლო ამბიციური ნაბიჯების საჭიროებები. ამ ნაბიჯების გადადგმაზე პასუხისმგებლობას მომდევნო წელს თურქეთისა და ავსტრალიის კოალიცია აიღებს. გრძელვადიანი მოლაპარაკებებისა და უნიკალური კომპრომისის მიღწევის შედეგად მომდევნო წელს COP31-ს თურქეთი  უმასპინძლებს, ხოლო მოლაპარაკებების პროცესს ავსტრალია და წყნარი ოკეანის კუნძულები ჩაუდგებიათ სათავეში. 2026  წლის მთავარი ამოცანა არსებული არასრულყოფილი ინსტრუმენტების მაქსიმალური ეფექტიანობით ამუშავება და რეალურ პრობლემებთან გამკლავებისათვის საჭირო მიზანმიმართული ხედვის შექმნა იქნება.

 

[1] https://cop30.br/en/news-about-cop30/at-the-united-nations-general-assembly-president-lula-declares-cop30-will-be-the-cop-of-truth

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave A Reply